საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


ბათუმში არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფინალური ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) მიერ ორგანიზებული არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების რეგიონული კამპანია დასრულდა. პროექტი 2017 წლის 5 ივლისიდან 18 ივლისამდე გრძელდებოდა. ღონისძიების ფარგლებში ინტენსიური სამუშაო შეხვედრები საქართველოს რვა ქალაქში გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, იურისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

სამუშაო შეხვედრები თემაზე „არბიტრაჟი – სასამართლოს ეფექტიანი ალტერნატივა“ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით და ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.

პროექტის ფინალურ ღონისძიებას სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმმა“ უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა ზურაბ ძნელაშვილმა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა. ბექა ინჯიამ – საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ხელმძღვანელმა, ლიანა ქარცივაძემ – ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის სამართლის ექსპერტმა და პაატა კოპალეიშვილმა – აჭარის  არ    სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან  არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის  თანადირექტორმა ისაუბრეს დავების ალტერნატიული მოგვარების საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრები ინტერაქტიული დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობდა. მომხსენებლებმა ისაუბრეს არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ, განიხილეს მისი უპირატესობები და დავის პროცესში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი საკითხები. სესიები დამსწრე საზოგადოებას საშუალებას აძლევდა გაეზიარებინათ ერთმანეთის შეხედულებები და დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები.

არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანია წარმატებულად განხორციელდა. გამოვლინდა ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები ადგილობრივი ბიზნესისთვის. „სასამართლოების გადატვირთულობის, დროში გაწელილი პროცედურების და იმის მოლოდინის პირობებში თუ ვინ დაინიშნება მოსამართლედ ამა თუ იმ საქმეზე, დროა ბიზნესმა კარი გაუღოს სასამართლოს გარეთ არსებულ შემოთავაზებებს“ განაცხადა ბექა ინჯიამ თავის სიტყვაში.

პროექტის პოზიტიური დატვირთვით საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სამომავლო ღონისძიებებზე მუშაობას აგრძელებს. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს არბიტრაჟის სფეროში წამყვანი ღონისძიების – „საარბიტრაჟო დღეების“ ყოველწლიური კონფერენციის დაგეგმვითი სამუშაოები.

მიმაგრებული სურათები