საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


თელავში არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანიის პირველი ღონისძიება გაიმართა

2017 წლის ივნისსა და ივლისში საქართველოს რვა ქალაქში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების, კერძოდ, არბიტრაჟის შესახებ. კამპანიის ინიციატორია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პირველი შეხვედრა გაიმართა თელავში, 2017 წლის 5 ივნისს. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა და იურისტებმა.

სემინარი გახსნეს ნინო ჩიქოვანმა – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა,  და შომბი შარპმა – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

ბექა ინჯიამ – საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ხელმძღვანელმა, ისაუბრა დავების ალტერნატიული მოგვარების მნიშვნელობაზე როგორც სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებისათვის, ასევე ბიზნესის განვითარებისათვის. მან ასევე გააცნო სემინარის მონაწილეებს საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) საქმიანობა და მომავალში დაგეგმილი სიახლეები.

ლიანა ქარცივაძემ – ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ სამართლის ექსპერტმა, ისაუბრა არბიტრაჟის პროცედურულ მხარეებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე ამ სფეროში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ ახლად დამტკიცებული დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები, რომლებიც ბიზნესის ინტერესებზეა მორგებული.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საერთო დისკუსია არბიტრაჟთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება 2017 წლის 30 ივლისამდე. შეხვედრები გაიმართება გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში.

დავების ალტერნატიული მოგვარება (ADR) მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სასამართლოების დატვირთვას, ამცირებს დავების მოგვარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას. არბიტრაჟი დავების ალტერნატიული მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით მომგებიანია კერძო სექტორისათვის.

საქართველოში დავების ალტერნატიული მოგვარება ახლა იკიდებს ფეხს, რამაც განაპირობა არბიტრაჟთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ჩატარების აუცილებლობა.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ დავების ალტერნატიული მოგვარების მეთოდების, მათ შორის მედიაციისა და არბიტრაჟის, განვითარებას საქართველოში მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და ფასიანი იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობის, სპექტრისა და ხარისხის გაზრდა. აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის, EU4Justice, ნაწილია, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სფეროში და რომლის ბიუჯეტი შეადგენს 50 მილიონ ევროს.

მიმაგრებული სურათები