საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


სამუშაო შეხვედრა ენერგეტიკის სექტორთან თემაზე – არბიტრაჟი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა (GIAC) და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით, ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში მოღვაწე კომპანიებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „არბიტრაჟი – სასამართლოს ეფექტიანი ალტერნატივა“.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი მიმდინარე წელს რიგით მეორე სექტორულ შეხვედრას მართავს. მსგავსი ტიპის ღონისძიება თავდაპირველად სამშენებლო კომპანიებთან გაიმართა, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ განხორციელებული შეხვედრები მიზნად ისახავს არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და მისი გამოყენებით დავების გადაწყვეტის უპირატესობების წარმოჩენას სასამართლოსთან შედარებით.

შეხვედრაზე საზოგადოებას გახსნითი სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა – ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – ილია ელოშვილმა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე – ვანო მთვრალაშვილმა.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა – ბექა ინჯიამ ისაუბრა დავების ალტერნატიული მოგვარების მნიშვნელობაზე ბიზნესის განვითარებისთვის და საერთაშორისო გამოცდილებაზე ამ მიმართულებით. ყურადღება დაეთმო უცხოელ პარტნიორებთან დავების პრევენციის მიზნით პრაქტიკული თავისებურებებისა და რეკომენდაციების განხილვას. ბექა ინჯიამ ასევე ისაუბრა არბიტრაჟში დავის განხილვის თავისებურებებზე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მაგალითზე.

საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მომხსენებლებმა ღია დიალოგის ფორმატში განიხილეს საქართველოში ბიზნეს-დავების გადაწყვეტის პრობლემატიკა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მოისმინეს პრაქტიკული რჩევები ბიზნეს დავების არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტის თავისებურებებზე.

 

მიმაგრებული სურათები