საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წესდება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ააიპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ (შემდგომში – „საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ ან ,,ინსტიტუტი“) არის არა-კომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ.

2. ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტის”მისამართია:  ნ. შატაიძის ქ. (ყოფილი ბერძნის ქ.)  N29, თბილისი, 0114 საქართველო.

3.  ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტის” ელექტრონული ფოსტის მისამართია:  info@giac.ge.

4. ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტს” გააჩნია ,,საარბიტრაჟო წესები“, რომელიც მიიღება ამ წესდებით გათვალისწინებული წესით და წარმოადგენს ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება დავების გადაწყვეტა. ,,საარბიტრაჟო წესები“ არეგულირებს დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ ყველა პროცესუალურ და სხვა საკითხებს. ყველა საკითხი რაც არ არის გათვალისწინებული ამ წესდებით რეგულირდება „საარბიტრაჟო წესებით“.

5. ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტს“ უფლება აქვს განახორციელოს ყველანაირი საქმიანობა თავისი მიზნების შესასრულებლად, თუ ასეთი საქმიანობა არ იკრძალება კანონმდებლობით. ამასთან უფლება აქვს დადოს შესაბამისი გარიგებები და მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს მისი ამოცანების შესრულებას.

6. ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ მისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებაში დამოუკიდებელია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან და მისი წევრებისგან.

7. მხარეთა მიერ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის არბიტრაჟზე მითითება  გულისხმობს შეთანხმებას „საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ მიერ დავის გადაწყვეტაზე.

8. დავების გადაწყვეტის კონტექსტში, „საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული შპს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის არბიტრაჟის“ სამართალმემკვიდრე, რომლის საქმიანობა შეჩერებულია 2012 წელიდან.

 

მუხლი 2. მიზნები

1. ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტი’’-ს მიზნებია:

1.1.      საქართველოსა და მთელ რეგიონში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დავის განხილვის ალტერნატიული მექანიზმების შექმნა და განვითარება;

1.2.      მოქნილი და კვალიფიციური საარბიტრაჟო ინსტიტუტის შექმნა (საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით), როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით;

1.3.      დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული საშუალებების დანერგვა;

1.4.      დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების  სასწავლო ცენტრის შექმნა;

1.5.      არბიტრაჟის დარგში კონფერენციების, სემინარების მოწყობა, უცხოელი ექსპერტების მოწვევა;

1.6.      არბიტრაჟისა და დავების გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული საშუალებების დარგში საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მთარგმნელობითი საქმიანობა;

1.7.      დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებებთან დაკავშირებული საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება;

1.8.      საქართველოსა და მთელ რეგიონში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების პოპულარიზაცია და განვითარება;

 2. დაუშვებელია ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტის“’ მიზნების არსებითად შეცვლა.

 

მუხლი 3. ,,ინსტიტუტის“ მართვა

1. ,,ინსტიტუტის“ მმართველობის ორგანოებია: გამგეობა და სამდივნო.
2. ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ უმაღლესი მმართველი ორგანოა გამგეობა. გამგეობა არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ინსტიტუტის ფუნდამენტურ საკითხებზე და განსაზღვრავს მის ზოგად სტრატეგიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. 
3. გამგეობა არ ერევა საარბიტრაჟო პროცესში და კავშირი არ აქვს დავების ადმინისტრირებასთან. იგი შემოიფარგლება მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებით.
4. გამგეობა იკრიბება გამგეობის სხდობებზე. გამგეობის სხდომა მოიწვევა გამგეობის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის ან გამგეობის ორი წევრის მიერ სხდომის მოწვევის მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში.
5. გამგეობის სხდომები იმართება უშუალოდ და/ან ინტერნეტ-კონფერენციის სახით წელიწადში ერთხელ მაინც. გამგეობის თავმჯდომარის ან გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით შესაძლოა სხდომის მოწვევის ნაცვლად გამგეობის ყველა ან რომელიმე წევრს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაეგზავნოს განსახილველი საკითხები, რაზედაც გამგეობის წევრები ელექტრონული ფორმითვე დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ან/და მიიღებენ გადაწყვეტილებას დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.
6. გამგეობის სხდომის მოწვევის ორგანიზებას ახდენს გენერალური მდივანი.
7. სხდომის წევრებს სხდომის შესახებ ეცნობებათ სხდომის თარიღამდე სულ მცირე 7 სამუშაო დღით ადრე ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილის ან ელექტრონული წერილის სახით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგსა და სათანადო მასალებს.
8. ზოგადი წესის თანახმად, გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომაში მონაწილეობს სულ მცირე სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
9. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, თუ ამ წესდებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.
10. გამგეობა:

10.1.     წევრთა სრული შემადგენლობის 3/5 ხმით იღებს ახალ წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში, გარდა ცვლილებებისა რომლებიც ეხება „ინსტიტუტის“ იურიდიულ მისამართს და საკონტაქტო მონაცემებს, რომელთა ცვლილების უფლებამოსილება ენიჭება „ინსტიტუტის“ გენერალურ მდივანს;

10.2.     გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის 3/5 უმრავლესობით ამტკიცებს ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ საარბიტრაჟო წესებს;

10.3.     გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის 3/5 უმრავლესობით ფარული ან ღია კენჭისყრით თანამდებობაზე ნიშნავს და გადააყენებს გენერალურ მდივანს;

10.4.     იღებს გადაწყვეტილებას ,,ინსტიტუტის“ ლიკვიდაციის, ან რეორგანიზაციის შესახებ გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის 4/5-ის უმრავლესობით;

10.5.     ირჩევს გამგეობის ახალ წევრებს;

10.6.  გამგეობის წევრთაგან ირჩევს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ან წევრის უფლებამოსილების ვადით (რომელიც უფრო ნაკლებია);

10.7.     წყვეტს ინსტიტუტის მიერ იურიდიული პირის დაფუძნების საკითხს;

10.8.     გენერალური მდივნის წარდგინებით ირჩევს საარბიტრაჟო საბჭოს წევრებს;

10.9.     ამტკიცებს გამგეობის წევრთა როტაციის წესს;

10.10.   წყვეტს ამ წესდებით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.

11. სამდივნო ვალდებულია შეადგინოს და შეინახოს სხდომის ოქმები, როგორც ქაღალდზე, ისე ელექტრონული ფორმით. გამგეობის ყველა წევრს აქვს უფლება მიიღოს ინსტიტუტის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლები.

 

მუხლი 4. გამგეობის წევრობა

1. გამგეობა შედგება მინიმუმ 5 და არაუმეტეს 11 წევრისაგან, რომელთაგან ერთი – საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი – არის “Ex officio“ წევრი. გამგეობის წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები.
2. გამგეობის წევრის უფლებამოსილება გრძელდება 4 წელი. გამგეობის წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. გამგეობის ახალი წევრი აირჩევა მოქმედი წევრის ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე, ხოლო როგორც წევრს საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭება ძველი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ.
4. განაცხადი გამგეობის წევრობაზე წარედგინება ინსტიტუტის სამდივნოს. გამგეობა კენჭს უყრის კანდიდატს, თუ ამ უკანასკნელის კანდიდატურას გამგეობის ორი წევრი მაინც უჭერს მხარს. გამგეობის ახალი წევრის მიღებაზე განცხადების გამოქვეყნების ორგანიზებას ახორციელებს სამდივნო, რომელიც მიღებული განცხადებების შესაბამისად კანდიდატურებს წარუდგენს გამგეობას.
5. გამგეობის წევრობის რამოდენიმე კანდიდატის არსებობის შემთხვევაში წევრად აირჩევა ის კანდიდატი (კანდიდატები), რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ  ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გაიმართება სპეციალური ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ის კანდიდატები, რომელბმაც ყველაზე მეტი თანაბარი ხმები მიიღეს. ამ ტურში გამგეობის წევრებს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება არ აქვთ.  თუ სპეციალური ტურის შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, არაუგვიანეს 2 თვისა გამოცხადდება გამგეობის ახალი წევრის/წევრების ხელახალი შერჩევა. ამ შემთხვევაში ჩატარდება ახალი არჩევნები.
6. თუკი, რაიმე მიზეზის გამო, გამგეობის წევრების რაოდენობა ხუთზე ნაკლები გახდება, მოწვეულ უნდა იქნას გამგეობის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება გამგეობის ახალი წევრების არჩევა. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის ვალდებულება ეკისრება გენერალურ მდივანს.
7. გამგეობის წევრი შეიძლება გადადგეს წერილობითი განცხადების საფუძველზე. წევრი ასევე შეიძლება გადაყენებულ იქნას გამგეობის წევრთა ხმების 3/5 უმრავლესობით, თუკი ეს წევრი არღვევს მოცემულ წესდებას, ან ზიანს აყენებს “საარბიტრაჟო ინსტიტუტის”რეპუტაციას.
8. გამგეობის წევრი არ მონაწილეობს კენჭისყრაში და მას არ აქვს ხმის უფლება თუ:

8.1. მის კანდიდატურას კენჭი ეყრება  ახალი ვადით არჩევაზე;

8.2. იხილება მისი გადაყენების საკითხი;

8.3. იხილება საკითხი, სადაც არსებობს წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

9. გამგეობის თავმჯდომარე აირჩევა გამგეობის წევრთაგან 2 წლის ვადით, გადარჩევის უფლების შესაძლებლობით, გამგეობის სხდომის დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.
10. გამგეობის თავმჯდომარე:

10.1. ასრულებს გენერალური მდივნის ფუნქციებს, როდესაც ინსტიტუტს არ ჰყავს გენერალური მდივანი;

10.2. იწვევს და უძღვება  გამგეობის სხდომებს;

10.3. ხელს აწერს გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

10.4. ახორციელებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

11. გამგეობის თავმჯდომარეს გააჩნია გადამწყვეტი ხმის უფლება გამგეობის სხდომაზე ხმათა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში.

12. გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომენტიდან და წყდება ახალი თავმჯდომარის არჩევისთანავე.

13. გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ინსტიტუტის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ გამგეობას. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია თუ ამ საკითხს მხარს დაუჭერს გამგეობის წევრთა სულ მცირე 3/5.

14. გამგეობას შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრები, რომლებსაც ირჩევს გამგეობა. გამგეობის საპატიო წევრებს არ აქვთ ხმის უფლება. გამგეობის საპატიო წევრები უფლებამოსილნი არიან გასცენ რეკომენდაციები „საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ მართვასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 5. სამდივნო

1. საარბიტრაჟო ინსტიტუტს ჰყავს სამდივნო, რომელიც უშუალოდ ახორციელებს დავის ადმინისტრირებასა და საარბიტრაჟო პროცესის ორგანიზებას. ასევე უზრუნველყოფს ,,ინსტიტუტის“ საწესდებო მიზნების განხორციელებას. სამდივნო ჩართულია ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაში. იგი ეხმარება და ხელს უწყობს საარბიტრაჟო საბჭოს, საარბიტრაჟო ტრიბუნალს (შემადგენლობას) სარბიტრაჟო წესებით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელებაში.

2. საწესდებო მიზნებისა და დავების გადაწყვეტის ეფექტურად განხორციელების მიზნით სამდივნოში საჭიროებისამებრ იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური მდივანი.

3. სამდივნო ახორციელებს ამ წესდებითა და საარბიტრაჟო წესებით მისთვის განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. სამდივნოს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. იგი ამავე დროს არის საარბიტრაჟო ინსტიტუტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც სამდივნოს მეშვეობით უძღვება და წარმართავს საარბიტრაჟო ინსტიტუტის საწესდებო მიზნების შესრულებას და გააჩნია სრული წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება.

5. გენერალური მდივანს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს გამგეობა ამ წესდების გათვალისწინებული წესით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი აგრძელებს მისი ვალდებულებებს შესრულებას ახალი გენერალური მდივნის არჩევამდე.

6. გენერალურ მდივანს ჰყავს მოადგილეები. გენერალური მდივნის დროებით არყოფნის ან უფლებამოსილების ვერ განხორციელების შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

7. გენერალური მდივანი:

7.1.ხელმძღვანელობს და წარმართავს ,,ინსტიტუტის“ ყოველდღიურ საქმიანობას;

7.2.უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში გენერალური მდივანი გამოსცემს შესაბამის დოკუმენტებს;

7.3.მოქმედებს ,,ინსტიტუტი“-ს სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში ერთპიროვნულად, მათ შორის იგი უფლებამოსილია განახორციელოს წესდებაში „ინსტიტუტის“ იურიდიული მისამართის და საკონტაქტო მონაცემების ცვლილება;

7.4.იწვევს გამგეობის სხდომებს;

7.5.განკარგავს ,,ინსტიტუტის“ ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;

7.6.დებს გარიგებებსა და ხელშეკრულებებს ინსტიტუტის სახელით;

7.7.ნიშნავს და ათავისუფლებს მოადგილეებსა და სამდივნოს თანამშრომლებს;

7.8.ქმნის და აუქმებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;

7.9.შეუძლია შეიმუშაოს საარბიტრაჟო საბჭოს საქმიანობის წესი და დასამტკიცებლად წარუდგინოს გამგეობას;

7.10.     ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ და წარუდგენს გამგეობას.

7.11.     ასრულებს ამ წესდებითა და საარბიტრაჟო წესებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. გამგეობამ, ამ წესდებით დადგენილი წესით, შესაძლოა გენერალურ მდივანს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება. აღნიშნული საკითხის დაყენება შეუძლია გამგეობის ნებისმიერ წევრს, თუ გენერალური მდივანი:

8.1.არ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს ზედიზედ 3 თვის მანძილზე;

8.2.გადაამეტებს საკუთარ უფლებამოსილებას;

8.3.ჩაიდენს ინსტიტუტის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო ქმედებას;

8.4.ეწევა ისეთ საქმიანობას, რაც შეუთავსებელია მის პოზიციასთან (ინტერესთა კონფლიქტი).

9. იმ შემთხვევაში თუ გენერალური მდივანი ზედიზედ 4 თვის მანძილზე ვერ ან არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს მას ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება. აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ინსტიტუტის გამგეობა გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს ახალი გენერალური მდივნის არჩევას. მდივნის არჩევამდე მის მოვალეობებს ასრულებს გენერალური მდივნის პირველი მოადგილე.

 

მუხლი 6. საარბიტრაჟო საბჭო

1. საარბიტრაჟო საბჭო უზრუნველყოფს საარბიტრაჟო პროცესის ეფექტურ წარმოებას და საარბიტრაჟო წესების დავის პროცესში განუხრელად დაცვას.
2. საარბიტრაჟო საბჭო უზრუნველყოფს წინამდებარე წესდებითა და ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტი“-ს წესებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.
3. საარბიტრაჟო საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით, ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ წესებითა და გენერალური მდივნის მიერ შემუშავებული და გამგეობის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად.
4. საარბიტრაჟო საბჭო შედგება თავჯდომარისგან, თავმჯდომარის ორი მოადგილისა და მინიმუმ 2 წევრისგან, რომელთა შემადგენლობა მტკიცდება გამგეობის მიერ. საარბიტრაჟო საბჭოს შემადგენლობის აღრიცხვას ახორციელებს სამდივნო.
5. საარბიტრაჟო საბჭო იკრიბება სხდომების სახით. საბჭოს მოიწვევა გენერალური მდივნის მიერ, რომელსაც სხდომაზე გააქვს საარბიტრაჟო წესებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხი. სხდომა უფლებამოსილია გადაწყვიტოს საკითხი თუ მას ესწრება მინიმუმ 3 წევრი. საარბიტრაჟო წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღება შეუძლია თავჯდომარეს ან თავჯდომარის ერთ-ერთ მოდგილეს ერთპიროვნულად.
6. სხდომაზე საკითხის განხილვა – გადაწყვეტა კონფიდენციალურია და მას შეიძლება ესწრებოდეს მხოლოდ საბჭოს წევრები და სამდივნოს შესაბამისი თანამშრომლები. სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ გაახმაურონ მათთვის ამ პროცესის ფარგლებში ცნობილი ინფორმაცია. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სამისდღეშიოა.
7. საარბიტრაჟო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება და პროფესიით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან დავების გადაწყვეტის სფეროში მოღვაწეობის  გამოცდილება.
8. საარბიტრაჟო საბჭოს წევრი ამავდროულად შეიძლება იყოს არბიტრი გარკვეულ დავაზე. საბჭოს წევრს ეკრძალება იმ საარბიტრაჟო საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება, რომელიც იხილავს ისეთ დავასთან დაკავშირებულ საკითხს, რომელთან მიმართებაში მას შეიძლება წარმოეშვას ინტერესთა კონფლიქტი.

 

მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი

1. გამგეობის და საარბიტრაჟო საბჭოს წევრებს და გენერალურ მდივანს ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება, თუკი ისინი დაინიშნებიან პოლიტიკურ თანამდებობებზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან დაიკავებენ თანამდებობებს ხელისუფლების წარმომადგენლობით ან სასამართლო ორგანოში.
2. გენერალურ მდივნის და/ან მისი მოადგილეების მიმართ ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეიკრიბოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში გენერალური მდივნის და/ან მისი მოადგილეების გადაყენების საკითხი წყდება უბრალო უმრავლესობით. 

 

მუხლი 8. ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

1. ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2. ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელედება კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამგეობის გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და დარეგისტრირდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

 1. წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული დებულებები ძალაშია დამფუძნებლის – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ,,საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ.
2. ინსტიტუტის საქმიანობიდან ან ამ წესდებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. წინამდებარე წესდების მიმართ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
4. წინადმებარე წესდება შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. წესდების ორ ვერსიას შორის რაიმე სახის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ქართულ ვერსიას ენიჭება უპირატესი ძალა. წინამდებარე წესდების არც ერთ სხვა ენაზე ნათარგმნ ვერსიას არ ექნება სავალდებულო იურიდიული ძალა  გარდა ქართული და ინგლისური ვერსიებისა.

 

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. თავდაპირველად (ინსტიტუტის შექმნისას) გამგეობის პირველი წევრები ირჩევიან 2 ან 4 წლის ვადით, რათა უზრინველყოფილ იქნას გამგეობის წევრთა როტაციის პრინციპი, რომლის წესს ამტკიცებს გამგეობა. გამგეობის თავდაპირველი წევრები აირჩევიან დამფუძნებლის მიერ.
2. წინამდებარე წესდების შესაბამისი წესით რეგისტრაციამდე  ,,ინსტიტუტის“ გამგეობას ქმნის დამფუძნებელი – „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“.

 

დამტკეცებულია საქართელოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის

გამგეობის მიერ 2013 წლის 11 დეკემბერს