საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


GIAC და ინიციატივა Resolve COVID19-ის გამოწვევების დაძლევის მიზნით ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს იწყებს

GIAC და ინიციატივა Resolve ბიზნესის მხარდაჭერის ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით განხორციელდება. პროექტის მიზანია დავების პრევენციის, მართვისა და მოგვარების სხვადასხვა პროცესების ხელმისაწვდომობა COVID19-ის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართული ბიზნესისთვის პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევის მიზნით.

პროექტით სარგებლობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს, ასევე უცხოეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს და ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთაც აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესთან საქმიანი ურთიერთობა და რომელთა აზრითაც მათზე უარყოფითად იმოქმედა COVID19-ით გამოწვეულმა მდგომარეობამ. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი სერვისი:

  • მოლაპარაკების ან დისკუსიის ფასილიტაცია – თუ მხარეებს სურთ წარმართონ მოლაპარაკება ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან ან მათ შესაძლო ადაპტაციასთან დაკავშირებით.
  • მედიაცია – თუ მხარეებს აქვთ გაუგებრობა ან დავა და საჭიროებენ მის სწრაფ, გრძელვადიან და ნაკლებ-ხარჯიან მოგვარებას ერთმანეთთან შეთანხმებით.

COVID19-სა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, მედიაციისა და ფასილიტაციის პროცესი წარიმართება დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით, რომელსაც GIAC-ის უზრუნველყოფს.

პროექტში ფასილიტატორებად და მედიატორებად ჩაერთვებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, რომლითაც დაფინანსდება ფასილიტაციისა და მედიაციის ხარჯების ნაწილი. ამასთან, GIAC ათავისუფლებს ყველა განმცხადებელს ადმინისტრაციული ხარჯებისგან, რაც ამ სერვისებით სარგებლობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის ბიზნეს სუბიექტებისთვის. პროექტი საპილოტე რეჟიმში იმოქმედებს 3 თვის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაციისთვის – COVID19  საპილოტე პროექტი