საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის

საქართველოში პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბიზნეს დავების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებას კავკასია-შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონის მასშტაბით.


ერევანში არბიტრაჟის სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

არბიტრაჟის მიმართულებით რეგიონში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები იყო მთავარი თემა ერევანში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც საარბიტრაჟო პრაქტიკას მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) EY (ყოფილი Ernst & Young) საქართველოსა და სომხეთთან თანამშრომლობით გამართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებმა, ასევე პრაქტიკოსმა იურისტებმა, პოტენციურმა არბიტრებმა და დარგის ექსპერტებმა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა, აუდიტორიას ასევე მიმართეს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალურმა მდივანმა და EY-ის წარმომადგენელებმა.

“დისკუსია გაიმართა ორ ქვეყანაში არსებულ საარბიტრაჟო პრაქტიკის შესახებ და ჩვენ საშუალება გვქონდა გამოცდილება გაგვეზიარებინა ჩვენი სომეხი კოლეგებისთვის. გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება რა კუთხითაც სამომავლოდ შეიძლება განხორციელდეს ერთობლივი პროექტები. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი დაინტერესება გამოითქვა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის, როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტის დავების გადაწყვეტის საშუალებად გამოყენებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიო დონის ექსპერტებთან, იურიდიულ ფირმებთან და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან, რაც დამატებით სანდოობას სძენს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს მეზობელი ქვეყნის ბიზნეს წრეებში“ – განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ ღონისძიების დასრულების შემდეგ.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის უმთავრეს მიზანს საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს.

მიმაგრებული სურათები

მიმაგრებული ფაილები