1. კომპეტენცია და გამოყენება
1.1. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (შემდგომში „GIAC“-ი) მოცემული მედიაციის წესების (შემდგომში „მედიაციის წესები“) თანახმად ადმინისტრირებას უწევს ადგილობრივი და საერთაშორისო დავების მოგვარებას მედიაციის მეთოდების გამოყენებით.
1.2. მედიაციის წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები წინასწარ ან დავის წარმოშობის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ დავის მედიაციით მოგვარების მიზნით მიმართონ GIAC-ს და არ არსებობს შეთანხმება მედიაციის სხვა წესების გამოყენების შესახებ.
1.3. სხვა წესების გამოყენების შესახებ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, GIAC-ი უწევს ადმინისტრირებას მედიაციის პროცესის წარმართვას. მოცემულ მედიაციის წესებში შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს ცვლილება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. მედიატორის დანიშვნის შემდეგ ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს მედიატორის თანხმობას.
1.4. GIAC-ის სამდივნო უფლებამოსილია უარი თქვას GIAC-ის ადმინისტრირებით მედიაციის წარმართვაზე იმ შემთხვევაში თუ მხარეთა მიერ შეთანხმებული წესები ან ცვლილებები არსებითად ეწინააღმდეგება GIAC-ის მედიაციის წესებით გამყარებულ პრინციპებს, მიდგომებს ან ღირებულებებს.
2. განმარტებები
2.1. მედიაცია – პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან მეტი მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით და წესით;
2.2. მედიაციის მონაწილეები – მედიატორი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები და მესამე პირები;
2.3. მედიატორი – ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს მედიაციის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, არის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორი და გამოთქვამს თანხმობას, წარმართოს მედიაციის პროცესი, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა;
2.4. მედიაციის მხარე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელიც დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების მიზნით მონაწილეობს მედიაციის პროცესში;
2.5. მესამე პირი – ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის მედიაციის მხარე და რომელიც მედიაციის მხარეთა შეთანხმებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს მედიაციის პროცესში;
2.6. მედიაციის თაობაზე შეთანხმება – მხარეთა წერილობითი შეთანხმება დავის წარმოშობის შემთხვევაში მედიაციისათვის მიმართვის თაობაზე;
2.7. სამედიაციო მორიგება – შესასრულებლად სავალდებულო წერილობითი დოკუმენტი მედიაციის შედეგად დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების შესახებ;
2.8. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მედიაციის შესახებ კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს;
2.9. მედიატორთა ერთიანი რეესტრი – საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ წარმოებული საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრთა საერთო სია;
2.10. მედიაციის წესები – წინამდებარე მედიაციის წესები, რომელიც დამტკიცებულია GIAC-ის გამგეობის მიერ GIAC-ის წესდების შესაბამისად;
2.11. GIAC-ის სამდივნო − GIAC-ის მთავარი ორგანო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს მედიაციის პროცესს GIAC-ის წესდებისა და მედიაციის შესაბამისად;
3. საწყისი პროცედურები
3.1. წინამდებარე წესების თანახმად მედიაციის პროცედურების წამოწყება ხდება მხარეთა მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს GIAC სამდივნოს წინაშე (ელექტრონული ფოსტით, რეგულარული ფოსტით ან GIAC–ის ვებგვერდის შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით).
3.2. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
3.2.1. მხარეთა სახელს გვარს ან სახელწოდებას და საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი და საკონტაქტო პირის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3.2.2. დავის საგნის ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3.2.3. თითოეული მხარის მიერ ფაქტებისა და დავის მოკლე აღწერას;
3.2.4. შერჩეული მედიატორის შესახებ სრულ საკონტაქტო ინფორმაციას ან კრიტერიუმებს ან მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შერჩეული მედიატორი.
3.3. მხარეებმა შეიძლება ასევე მიუთითონ დამატებითი მოთხოვნები, როგორიცაა:
3.3.1. მედიატორთა რაოდენობა;
3.3.2. ენა;
3.3.3. სხვა დამატებითი საჭიროებები.
3.4. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა ერთობლივად არ არის წარდგენილი მხარეების მიერ, GIAC-ის სამდივნო, მოთხოვნის მედიაციის წესების 3.2. პუნქტთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა მოთხოვნის მიღებიდან, უგზავნის მეორე მხარე(ებ)ს წარმოდგენილ მოთხოვნას და სხვა დოკუმენტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლს. მეორე მხარე(ებ)ს განესაზღვრება 5 დღის ვადა რომ წარმოადგინოს:
3.4.1. მედიაციაში მონაწილეობაზე თანხმობა;
3.4.2. ინფორმაცია და პოზიცია 3.2 და 3.3 მუხლებში მითითებულ საკითხებთან დაკავშრებით.
4. ადგილი და ფორმატი
4. ადგილი და ფორმატი
4.1. მედიატორი მხარეებთან შეთანხმებით განსაზღვრავს მედიაციის პროცესის ან სესიების ჩატარების ადგილსა და ფორმატს. სესიები შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ფორმატით, ყოველი საქმის ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით.
4.2. ონლაინ მედიაციის პროცესის წარმართვა მოხდება შესაბამისი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებებით, რომელთა შერჩევა მოხდება მხარეებთან შეთანხმებით. ონლაინ მედიაციის შემთხვევაში დამატებით იმოქმედებს „ონლაინ მედიაციის სტანდარტები/პროტოკოლი.“
5. ენა
GIAC-ის სამდივნოში მედიაციის მოთხოვნის წარდგენისა და მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ სამდივნო განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის ენას. საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმება მოხდება ასევე თარჯიმნის ჩართვისა და შერჩევის თაობაზე.
6. მედიატორის დანიშვნა
6.1. თუ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმება მედიატორის პიროვნებასთან ან მისი შერჩევის წესთან დაკავშირებით, GIAC-ის სამდივნო მიმართავს მხარეებს და განუსაზღვრავს 3 დღის ვადას მედიატორის ვინაობის ერთობლივად დასახელებისა და მისი საკონტაქტო მონაცემების გაზიარების მიზნით.
6.2. GIAC-ის სამდივნო ეხმარება მხარეებს მედიატორის ვინაობის შერჩევის პროცესში, კერძოდ, სთავაზობს ერთ ან რამდენიმე კანდიდატს, რომელთაგანაც მხარეებმა შესაძლებელია შეარჩიონ მათთვის მისაღები და სასურველი კანდიდატი.
6.3. იმ შემთხვევაში თუ მხარეები დადგენილ ვადაში ვერ შეთანხმდებიან მედიატორის ვინაობაზე, GIAC-ის სამდივნო უმოკლეს ვადაში ნიშნავს მედიატორს. მედიატორის შერჩევის პროცესში სამდივნო ითვალისწინებს მხარეთა ინტერესებს და საჭიროებებს, დავის არსს და სპეციფიკას, მხარეთა მოთხოვნებს მედიატორის მახასიათებლებსა და გამოცდილებასთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6.4. მხარეთა ან GIAC-ის სამდივნოს ინიციატივით და ყველა მხარის თანხმობით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს ერთზე მეტი მედიატორი.
6.5. დანიშვნამდე მედიატორმა უნდა წარადგინოს წერილობითი დასტური:
6.5.1. მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და ხელმისაწვდომობის შესახებ;
6.5.2. GIAC-ის (ან მხარეთა შორის შეთანხმებული) წესების გამოყენების შესახებ.
6.6. პროცესის დაწყებამდე და მისი დაწყების შემდეგ ნებისმიერ ეტაპზე მედიატორი ვალდებულია წერილობითი ფორმით გაამჟღავნოს ნებისმიერი გარემოება, რომელმაც შესაძლებელია გონივრული ეჭვი გააჩინოს მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულება მედიატორს ეკისრება სრული პროცესის მიმდინარეობისას. აღნიშნული წერილობითი განაცხადი მედიატორმა GIAC-ის სამდივნოს და მხარეებს უნდა წარუდგინოს მათი ინფორმირებისა და მოსაზრებების დაფიქსირების მიზნით. ასეთი გარემოებების არსებობის მიუხედავად, პირი შეიძლება იყოს მედიატორი, თუ მხარეები ამის შესახებ განაცხადებენ წერილობით თანხმობას. მედიატორს უფლება აქვს მხარეთა თანხმობის მიუხედავად, უარი თქვას მედიაციის წარმართვაზე.
6.7. მხარეთა თანხმობის მიუხედავად, პირს არ აქვს უფლება იყოს მედიატორი, თუ მედიაციის პროცესის დაწყებამდე იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იგი იყო მხარე ან მისი წარმომადგენელი სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ სხვა მსგავს პროცესში, ან სხვა სახის საადვოკატო ან აუდიტორული მომსახურება გაუწია მხარეს. მედიატორს ასევე არ აქვს უფლება საქმის დასრულების შემდეგ იმოქმედოს მხარის ინტერესების დასაცავად იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.
6.8. თუ არ არსებობს ეჭვი მედიატორის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მედიატორობის კანდიდატს ამტკიცებს GIAC-ის სამდივნო. GIAC-ის მიერ მედიატორის კანდიდატის დამტკიცების შემდეგ მედიატორი დანიშნულად ითვლება.
6.9. მხარემ მედიატორის აცილების განცხადებით შეიძლება მიმართოს მედიატორს ან GIAC-ის სამდივნოს არა უგვიანეს 3 დღისა მას შემდგომ, რაც მისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძველი. აცილების განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აცილების საფუძველი.
6.10. მედიაციის მსვლელობისას მედიატორის აცილების ან თვით-აცილების შემთხვევაში, ახალი მედიატორი ინიშნება მხარეთა შეთანხმებით ან ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, GIAC-ს სამდივნოს მიერ.
7. ხარჯები
7.1. GIAC-ის სამდივნო მედიატორის დანიშვნისთანავე განსაზღვრავს წინასწარ სავარაუდო ხარჯებს, რომელიც მოიცავს ადმინისტრირების ხარჯს, მედიატორის ანაზღაურების წინასწარ საგარანტიო თანხას, და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მედიაციის ტარიფების სქემის შესაბამისად (როლიც დგინდება GIAC-ის სამდივნოს მიერ და ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებ გვერდზე). აღნიშნული თანხის გადახდა მხარეების მიერ უნდა განხორციელდეს ხარჯების განსზღვრის შესახებ დოკუმენტის მხარეთათვის შესაბამისი წესით ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.
7.2. თუ მხარეებს შორის არ არსებობს წერილობით სხვაგვარი შეთანხმება, ხარჯები მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. იმ შეთხვევაში თუ ერთ-ერთი მხარე წინასწარ გადასახდელ თანხას არ დაფარავს ან მხოლოდ ნაწილობრივ დაფარავს, აღნიშნულის შესახებ ეცნობება მეორე მხარეს. მხარე უფლებამოსილია დაფაროს აღნიშნული გადასახადი თავად. გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება პროცედურის შეჩერება 10 დღის ვადით, ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ წარმოება შეწყდება.
7.3. მედიატორის საზღაური გამოითვლება მედიატორის მიერ ფაქტობრივად დახარჯული დროის მიხედვით წინასწარ დადგენილი დღიური ტარიფის შესაბამისად (მედიაციის ტარიფების სქემის შესაბამისად, ქვეყნდება GIAC-ის ვებგვერდზე). ტარიფის განსაზღვრა უნდა მოხდეს წინასწარ GIAC-ის სამდივნოს მიერ მედიატორთან და მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე. ტარიფის განსაზღვრისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქმის სირთულე, მხარეთა რაოდენობა და სხვა რელევანტური გარემოებები.
7.4. თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან ხარჯების სხვაგვარ გადანაწილებაზე, მხარეები თავად ფარავენ მედიაციის წარმართვასთან დაკავშირებულ საკუთარ ხარჯებს, მათ შორის ადვოკატის ხარჯებს.
8. პროცესის ჩატარება
8.1. წინასწარი ხარჯების სრულად გადახდის შემდეგ GIAC-ის სამდივნო საქმის მასალებს გადაცემს მედიატორს.
8.2. საქმის მედიატორისთვის გადაცემის შემდგომ, უმოკლეს ვადაში, მედიატორი უკავშირდება მხარეებს და მხარეებთან ერთად განიხილავს მედიაციის პროცესის წარმართვის წესსა და ფორმატს.
8.3. საქმის მედიატორისათვის გადაცემის შემდგომ ნებისმიერი პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული საკითხის შეთანხმება მოხდება მედიატორსა და მხარეებს შორის. (პროცესის წარმართვის ენა, თარჯიმნის საჭიროება, პროცესის მონაწილე თუ დამსწრე პირები, პროცესისა და შეხვედრების წარმართვის ფორმატი თუ სხვ.).
8.4. მედიატორი უძღვება მედიაციის პროცესს. იგი ხელს უწყობს მხარეებს მოლაპარაკების ეფექტიანად წარმართვაში მხარეთა ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად. იგი მედიაციის სესიებს უძღვება ერთობლივი და ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში. მედიაციის სესიები შეიძლება წარიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
8.5. პროცესში მხარეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კეთილსინდისიერად, სამართლიანად და გამოხატონ პატივისცემა პროცესის მიმართ.
8.6. მედიაციის წარმართვისას მედიატორმა უნდა უზრუნველყოს პროცესში მონაწილეობის მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები.
8.7. მედიატორთან გამართული შეხვედრები/ონლაინ კომუნიკაცია დახურულია და კონფიდენციალური. შემდეგი პირები დაიშვებიან მედიაციის პროცესზე:
8.7.1. მედიატორი;
8.7.2. მხარეები და მათი წარმომადგენლები;
8.7.3. მესამე პირები, რომელთა პროცესში ჩართვა ან პროცესზე დასწრება წინასწარ იყო გაცხადებული და შეთანხმებულია მედიატორისა და ორივე მხარესთან, და რომელსაც ხელი აქვს მოწერილი კონფიდენციალობის შეთანხმებაზე.
8.8. GIAC-ის მიზანია მაღალი პროფესიული და ეფექტიანი სერვისის მიწოდება. ამ მხრივ, GIAC-ი ზრუნავს მის სიაში არსებული მედიატორების მუდმივ ტრენინგზე, პროფესიულ განვითარებასა და მენტორობაზე. მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლებისა და GIAC-ის მედიაციის სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია, სამდივნომ, რიგ შემთხვევებში, შესთავაზოს მედიატორს, რომ პროცესს დაესწროს „დამკვირვებელი“. დამკვირვებელი შეიძლება დაესწროს პროცესის ნაწილს, ან სრულად. მას არ აქვს უფლება რამენაირად ჩაერთოს პროცესში. მისი ერთადერთი ფუნქციაა პროფესიული უნარების მხრივ პროცესზე დაკვირვება, საკუთარი მიგნებების და შთაბეჭდილებების მონიშვნა, ისევე როგორც მედიატორის უნარების შესახებ დაკვირვებებისა და ანგარიშის გაკეთება. დამკვირვებელზე, ისევე როგორც მედიატორზე, თანაბრად ვრცელდება კონფიდენციალობის ვალდებულება. ნებისმიერ მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს დამკვირვებლის მონაწილეობაზე.
8.9. თუ მედიატორი მიზანშეწონილად მიიჩნევს, იგი შესაძლებელია თითოეულ მხარეს შეხვდეს ან გაესაუბროს ინდივიდუალურად, კერძო შეხვედრის ან გასაუბრების ფორმატში. ინდივიდუალურ შეხვედრაზე გამჟღავნებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და მედიატორი არ გაუმჟღავნებს მას მეორე მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის გამცემი პირი აშკარა თანხმობას და სურვილს გამოთქვამს, აღნიშნული გამჟღავნებულ იქნეს მეორე მხარისათვის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მედიატორი გადასცემს გამჟღავნებულ ინფორმაციას მეორე მხარეს.
9. პროცესის შეწყვეტა
9.1. GIAC-ი სამდივნო შეწყვეტს მედიაციის პროცესს შემდეგი გარემოებების არსებობისას:
9.1.1. მხარეთა შორის სამედიაციო მორიგების მიღწევის შემთხვევაში;
9.1.2. მხარეთა ან მხარის მიერ მედიატორის ან სამდივნოს წინაშე წერილობითი განაცხადის წარდგენის საფუძველზე, რომ მათ ან მას არ სურთ/ს მედიაციის პროცესის გაგრძელება;
9.1.3. მედიაციისათვის მხარეთა შორის შეთანხმებული ვადა ამოიწურა და მხარემ ან მხარეებმა უარი თქვეს ვადის გაგრძელებაზე;
9.1.4. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომ მედიაციის გაგრძელება აღარ არის გონივრული და გამართლებული;
9.1.5. თუ წინამდებარე წესებით განსაზღვრულ ვადაში მხარეთა მიერ არ მოხდა სამდივნოს მიერ განსაზღვრული წინასწარი ხარჯების გადახდა;
9.1.6. ვერ მოხდა მედიატორის დანიშვნა
9.2. მედიატორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს GIAC-ის სამდივნოს მედიაციის შეწყვეტის საფუძვლის არსებობის თაობაზე.
10. ვადები
10.1. წესების შესაბამისად განსაზღვრული ან წესებით დადგენილი ვადების ათვლა უნდა დაიწყოს იმ რიცხვის მომდევნო დღიდან, როდესაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად წესების ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. როდესაც, აღნიშნული რიცხვის მომდევნო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მომდევნო სამუშაო დღიდან. ვადის გამოთვლისას გაითვალისწინება ოფიციალური დასვენების დღეები და არასამუშაო დღეები. თუ მინიჭებული შესაბამისი ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადა იწურება მომდევნო პირველი სამუშაო დღის დასრულებისას.
10.2. შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვლება იმ დღეს ჩაბარებულად, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მიიღო ის ან იმ დღეს, როდესაც უნდა მიეღო ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
11. კონფიდენციალობა, წარმომადგენლობა, მტკიცებულებები
11.1. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, თუ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარის ან მხარეთა შორის არსებული წერილობითი შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეჩერების მომენტის განსაზღვრისათვის არის აუცილებელი.
11.2. მედიაციის თითოეული მონაწილე ვალდებულია არ გაამჟღავნოს მედიაციის პროცესის მსვლელობისას მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის ვერ მიიღებდა მედიაციის პროცესი რომ არ შემდგარიყო.
11.3. დაუშვებელის ნებისმიერი ისეთი ინფორმაციისა და დოკუმენტის გამოყენება სასამართლო ან საარბიტრაჟო წარმოების დროს, ან დავის სხვა ნებისმიერი საშუალებით განხილვის პროცესში, რომელიც ცნობილი გახდა, შედგა ან წარდგენილ იქნა მედიაციის პროცესის განმავლობაში და რომლის მოპოვება ვერ მოხდება მხარეთა მიერ სხვა საშუალებით მედიაციის პროცესი რომ არ შემდგარიყო. ასევე კონფიდენციალურია და დაუშვებელია გამჟღავნდეს ნებისმიერი პირობა, შეთავაზება, მოსაზრება შეთანხმების თაობაზე. გარდა კანონით ზუსტად განსაზღვრული გამონაკლისებისა, დაუშვებელია მედიაციაში გამჟღავნებული ინფორმაციის გამჟღავნება.
11.4. დაუშვებელია მედიატორი გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს მოწმედ მედიაციის პროცესის მსვლელობისას მიღებული ინფორმაციის თაობაზე, გარდა კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევებისა.
11.5. მედიატორი ვალდებულია არ გაუმჟღავნოს მეორე მხარეს მისთვის ინდივიდუალური კომუნიკაციის ფარგლებში სხვა მხარის მიერ გაზიარებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მეორე მხარისთვის მიწოდების შესახებ მედიატორს შესაბამისი მხარისაგან მიღებული აქვს აშკარა თანხმობა.
12. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
მედიატორები, GIAC-ი და მისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელი მედიაციის წარმართვასთან დაკავშირებით მოქმედების განხორციელებისთვის ან შეცდომის დაშვებისთვის კანონით დაშვებულ ფარგლებში.
13. წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
GIAC-ს უფლება აქვს, მისი წესდებით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს შეიტანოს წესებში ცვლილებები და დამატებები. ამგვარი ცვლილებები და დამატებები არ გავრცელდება უკვე დაწყებულ მედიაციის საქმის წარმართვაზე. მედიაციის წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ წამოწყებული მედიაცია განიხილება მედიაციის წესების იმ რედაქციით, რომელიც ძალში იყო მედიაციის წამოწყების დღისათვის, თუ მხარები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.