VIDEO GIAC-ი და Resolve-ი ბიზნესის მხარდაჭერის ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით განხორციელდება. პროექტის მიზანია დავების პრევენციის, მართვისა და მოგვარების სხვადასხვა პროცესების ხელმისაწვდომობა COVID19-ის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართული ბიზნესისთვის პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევის მიზნით.
პროექტით სარგებლობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს, ასევე უცხოეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს და ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთაც აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესთან საქმიანი ურთიერთობა და რომელთა აზრითაც მათზე უარყოფითად იმოქმედა COVID19-ით გამოწვეულმა მდგომარეობამ. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი სერვისი:
მოლაპარაკების ან დისკუსიის ფასილიტაცია – თუ მხარეებს სურთ წარმართონ მოლაპარაკება ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან ან მათ შესაძლო ადაპტაციასთან დაკავშირებით.
მედიაცია – თუ მხარეებს აქვთ გაუგებრობა ან დავა და საჭიროებენ მის სწრაფ, გრძელვადიან და ნაკლებ-ხარჯიან მოგვარებას ერთმანეთთან შეთანხმებით.
COVID19-სა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, მედიაციისა და ფასილიტაციის პროცესი წარიმართება დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით, რომელსაც GIAC-ი უზრუნველყოფს.
პროექტში ფასილიტატორებად და მედიატორებად ჩაერთვებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები.
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, რომლითაც დაფინანსდება ფასილიტაციისა და მედიაციის ხარჯების ნაწილი (1 დღის ჰონორარი). ამასთან, საპილოტე პროექტის ფარგლებში GIAC-ი ათავისუფლებს ყველა განმცხადებელს ადმინისტრაციული ხარჯებისგან, რაც ამ სერვისებით სარგებლობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. პროექტი საპილოტე რეჟიმში იმოქმედებს 3 თვის განმავლობაში.
პროექტის ბროშურა
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით პროექტის კონცეფციას .