
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანოებია:
გამგეობა
ცენტრის უმაღლესი მმართველი ორგანოა გამგეობა, რომელიც შედგება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 11 წევრისგან, რომელთაგან ერთი გამგეობის თავმჯდომარეა.
გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით ზუსტად განსაზღვრულ საკითხების შესახებ. გამგეობა უზრუნველყოფს საარბიტრაჟო ცენტრის კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტას. ამასთანავე, გამგეობა არ ერევა საარბიტრაჟო განხილვაში და საარბიტრაჟო დავების მოგვარებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. გამგეობის წევრები არიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოცდილი ბიზნესმენები და იურისტები. გამგეობას ასევე ჰყავს საერთაშორისო დონეზე ცნობილი საპატიო წევრები.
საარბიტრაჟო საბჭო
საარბიტრაჟო საბჭოს ფუნქციაა, უზრუნველყოს საარბიტრაჟო განხილვის ეფექტური წარმოება და მისი შესაბამისობა ცენტრის საარბიტრაჟო წესებთან.
საარბიტრაჟო საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს მისთვის საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით და საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესებით მინიჭებულ ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა არბიტრების დანიშვნა-აცილება, საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანება და სხვა.
სამდივნო
საარბიტრაჟო ცენტრში წარმოდგენილი საარბიტრაჟო საქმეების უშუალო ადმინისტრირებასა და საარბიტრაჟო პროცესების ორგანიზებას ახორციელებს სამდივნო. სამდივნო ჩართულია ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და მათი ფუნქციების განხორციელებაში ხელს უწყობს როგორც საარბიტრაჟო საბჭოს, ასევე საარბიტრაჟო ტრიბუნალს. განხილვის დროულად წარმართვის მიზნით სამდივნო ახორციელებს კომუნიკაციას საარბიტრაჟო განხილვის ყველა მონაწილესთან.
სამდივნოს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი, რომელიც სამდივნოს მეშვეობით უძღვება ცენტრს და ცენტრის უმაღლესი თანამდებობის პირს წარმოადგენს.
სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კვალიფიციური იურისტები, რომელთაც მიღებული აქვთ განათლება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, არბიტრაჟის განხრით და გააჩნიათ საერთაშორისო არბიტრაჟის დარგში მუშაობის გამოცდილება.