EN

გამოცემები

GIAC-ის ხელმძღვანელმა რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს არბიტრაჟის უპირატესობები გააცნო
calendar03.08.2022

GIAC-ის ხელმძღვანელმა რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს არბიტრაჟის უპირატესობები გააცნო

საქართველოსა და აჭარის ა/რ სავაჭრო პალატების ორგანიზებით, პროექტ „ღია დიალოგი ბიზნესთან“ ფორმატის ფარგლებში ბათუმში რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე “საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის” ხელმძღვანელმა ბექა ინჯიამ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, არსი გააცნო. კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად განუმარტეს დავის განხილვის პროცედურები, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ.

როგორც GIAC-ის ხელმძღვანელმა ბექა ინჯიამ შეხვედრაზე აღნიშნა, არბიტრაჟი, როგორც დავის განხილვის ალტერნატიული მექანიზმი, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, დაზოგონ ფულადი და დროითი რესურსები. დავების მოგვარების ტრადიციულ მექანიზმებთან შედარებით არბიტრაჟის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიები სულ უფრო ხშირად არჩევანს სასამართლოს ნაცვლად სწორედ არბიტრაჟზე აკეთებენ.

საარბიტრაჟო პროცედურები მხარეებს ასევე აძლევს შესაძლებლობას თავადვე აირჩიონ არბიტრები, რაც დამოუკიდებლობის და ნეიტრალურობის გარანტიაცაა. ბიზნესთან შეხვედრისას ბექა ინჯიამ აქცენტი არბიტრაჟის მოქნილობაზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, მხარეთა კონფიდენციალურობის მნიშვნელობას, რომელიც სრულად დაცულია საარბიტრაჟო წარმოებისას.

“მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მათთვის არბიტრაჟის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საშუალება მომეცა. GIAC-ის, როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის შესახებ, ინფორმაციის მიწოდება რეგიონული ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც გარკვეული წრეებისთვის არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ არ არის”,- განაცხადა ბექა ინჯიამ.

„ღია დიალოგი ბიზნესთან“- ფორმატის ფარგლებში მორიგი შეხვედრები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ.