საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიის მე-3 სამუშაო ჯგუფის სესიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიის (UNCITRAL) მე-3 სამუშაო ჯგუფის 38-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
ცენტრის გენერალური მდივანი, ბექა ინჯია და ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოს თავმჯდომარე თეა მეგენეიშვილი ჩართული იყვნენ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ინვესტორსა და სახელმწიფოების შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის რეფორმაზე მუშაობს.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს საშუალება ჰქონდა პარტნიორებისთვის და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებისთვის საკითხთან დაკავშირებით გაეცნო პოზიცია, რომელიც ცენტრის საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის საინვესტიციო დავების მექანიზმის რეფორმის რამდენიმე ვარიანტი მათ შორის არის საინვესტიციო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების ე.წ. ad hoc მექანიზმის ან საერთაშორისო საინვესტიციო სასამართლოს შექმნა. ამავე ჭრილში დისკუსიები იმართება ასეთი შესაძლო მექანიზმების დაფინანსების, არბიტრთა შერჩევის, მათი კვალიფიკაციის, გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის ერთადერთი ორგანიზაცია რეგიონში, რომელიც გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიაში (UNCITRAL) დამკვირვებლის სტატუსს 2018 წლიდან ფლობს.