EN

გამოცემები

GIAC-ის საარბიტრაჟო დღეები 2023
calendar17.10.2023

GIAC-ის საარბიტრაჟო დღეები 2023

არბიტრაჟის დღეების რიგით მეათე, საიუბილეო კონფერენცია ჩატარდა. დარგის მთავარი პროფესიული ღონისძიების ორგანიზატორი ტრადიციულად საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი იყო (GIAC) და წელს მისი ფინანსური მხარდამჭერი და პარტნიორები USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა იყვნენ (CLDP).

კონფერენციამ გააერთიანა არბიტრაჟითა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდებით დაინტერესებულ იურისტები და პრაქტიკოსი ექსპერტები, რომლებიც ყოველწლიურად, ერთმანეთს უზიარებენ დარგში მიმდინარე სიახლეებს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 170-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, მოსამართლე, იურისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

11-13 ოქტომბერს, სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ საკითხებზე როგორიცაა: დავების გადაწყვეტა და ტექნოლოგიები, ინვესტორთა დაცვა და დავების გადაწყვეტა, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები, შეიარაღებული კონფლიქტისას დავების გადაწყვეტის საკითხები, ენერგო სექტორში არსებული დავების მომავალი, და სპორტის დავები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა PwC-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა იურისტებსა და
ზიანის შეფასების ექსპერტებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ, Young ICCA-სა და GIAC-ის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა საარბიტრაჟო პროცესის დაწყების პრაქტიკული რჩევების შესახებ და ტრეინინგი საარბიტრაჟო პროცესის დროს მოლაპარაკებების წარმოების შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენელი ერიკ ვენსი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინსტაინი.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო საერთაშორისო კომპანია CLYDE & CO-ის მმართველი პარტნიორი და Queen Mary University-ის სამართლის სკოლის პროფესორი ლუკას მისტელისია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არბიტრი, პრაქტიკოსი და პროფესორია საერთაშორისო საინვეტიციო და კომერციული არბიტრაჟის მიმართულებით.

მთავარი კონფერენციის გარდა, GIAC არბიტრაჟის დღეებმა ასევე მოიცვა სოციალური ღონისძიებები, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა დამსწრეებისთვის დაამყარონ კავშირები არბიტრაჟის პრაქტიკოსებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან.

GIAC არბიტრაჟის დღეების გახსნითი მიღება გაიმართა 11 ოქტომბერს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. ამასთან, დახურვის მიღება გაიმართა 13 ოქტომბერს, რომელიც დაფინანსებულია Andersen/MG Law-ის მიერ. კონფერენციის მთავარი მედია პარტნიორი იყო BMG – Business Media Georgia.