საარბიტრაჟო დღეები 2024
არბიტრაჟის დღეების რიგით მეთერთმეტე კონფერენცია გაიმართა თბილისში. დარგის მთავარი პროფესიული ღონისძიების ორგანიზატორი ტრადიციულად საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) იყო და წელს მისი ფინანსური მხარდამჭერი და პარტნიორები იყვნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული ფირმები.კონფერენცია აერთიანებს არბიტრაჟითა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდებით დაინტერესებულ იურისტებსა და პრაქტიკოს ექსპერტებს, რომლებიც ყოველწლიურად, ერთმანეთს უზიარებენ დარგში მიმდინარე სიახლეებსა და გამოწვევებს. წლევანდელ ღონისძიებას დაესწრო 170-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, მოსამართლე, იურისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი.
10-11 ოქტომბერს, ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ საკითხებზე როგორიცაა: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდები, კომპანიის იურისტების როლი არბიტრაჟში, სამართლებრივი სისტემების და კულტურების განსხვავებები და სპეციფიკა არბიტრაჟში, ხარჯების შემცირება არბიტრაჟში: სტრატეგიები ხელმისაწვდომი დავის გადაწყვეტისთვის, გლობალური და რეგიონალური სანქციები საერთაშორისო არბიტრაჟში და ქალთა ჩართულობა არბიტრაჟში.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ რუსა ჭკუასელმა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანმა ბექა ინჯიამ.
კონფერენციის მთავარი მომხსენებელი საერთაშორისო იურიდული კომპანია White & Case-ის პარტნიორი ჩარლზ ნაირაკი იყო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პრაქტიკოსი იურისტია არბიტრაჟის სფეროში. მისი მოხსნების თემა იყო „საერთაშორისო არბიტრაჟის სტრატეგიული ანალიზი“.
მთავარი კონფერენციის გარდა, GIAC არბიტრაჟის დღეები ასევე მოიცავდა სოციალურ ღონისძიებებს, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეთათვის დაამყარონ კავშირები არბიტრაჟის პრაქტიკოსებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან.