GIAC-ის 2026 წლის საარბიტრაჟო დღეებმა საერთაშორისო საარბიტრაჟო საზოგადოება თბილისში კვლავ შეკრიბა
2026 წლის 15–16 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „GIAC-ის 2026 წლის საარბიტრაჟო დღეებს“ უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს არბიტრებმა, ადვოკატებმა, კომპანიების იურისტებმა, საარბიტრაჟო ინსტიტუციების წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოდან, რეგიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რასაც მოჰყვა ძირითადი მომხსენებლის - „Mourre, Chessa, Le Lay Arbitration“-ის დამფუძნებელი პარტნიორის, ალექსის მურის გამოსვლა.
ორი დღის განმავლობაში პანელური დისკუსიები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა:
-
გადაუდებელი არბიტრაჟი პრაქტიკაში: სისწრაფე, უფლებამოსილება და აღსრულება.
-
დავების განმხილველი საბჭოს (DAB) გადაწყვეტილებები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წინააღმდეგ: სამართლიანობის აღდგენა თუ დროის ფუჭი ხარჯვა?
-
როგორ იქმნება ტრიბუნალი: არბიტრების დანიშვნის დინამიკა და სტრატეგიები საინვესტიციო არბიტრაჟში.
-
„შექმნილი მეხსიერება?“ — მოწმის მომზადება, მტკიცებულებითი ღირებულება და მოწმეთა ჩვენების სანდოობა საერთაშორისო არბიტრაჟში.
-
დებატები ხელოვნური ინტელექტის, როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის შესახებ.
-
ხიდების აგება: ინსტიტუციური თანამშრომლობა რეგიონებს შორის (ეს სესია მომზადდა „კავკასიისა და ცენტრალური აზიის საარბიტრაჟო სერიებთან“, SCC-ის საარბიტრაჟო ინსტიტუტსა და Andersen-თან თანამშრომლობით).
ყოველი პანელი ინტერაქტიული კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა, რამაც მონაწილეებს მომხსენებლებთან უშუალო დიალოგის საშუალება მისცა. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო არბიტრები და იურისტები, რომლებმაც აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკული ხედვები გაუზიარეს.
კონფერენციის კვირის განმავლობაში ძირითად პროგრამას თანმდევი ღონისძიებებიც დაემატა:
-
GAA–DIS-ის ერთობლივი ღონისძიება კორპორაციულ დავებსა და არბიტრაჟზე.
-
თბილისის საარბიტრაჟო გასეირნება და საუბარი (Tbilisi Arbitration Walk & Talk), Resolve-სა და GRATA International-თან ერთად.
-
ალტერნატიული დავების გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის: აშშ-საქართველოს ტრანსსასაზღვრო დავების ინტენსიური კურსი.
გალა-ვახშამმა და დახურვის მიღებამ მონაწილეებს პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართული სტუმართმოყვარეობის გაცნობის დამატებითი შესაძლებლობა მისცა.
GIAC-ი მადლობას უხდის ყველა მომხსენებელსა და მოდერატორს, ასევე თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და დისკუსიებში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ყველა სპონსორს, რომელთა მხარდაჭერაც უდიდეს როლს ასრულებს კონფერენციის წარმატებით ჩატარებაში.
2014 წლიდან მოყოლებული, GIAC-ის საარბიტრაჟო დღეები რეგიონის ერთ-ერთ წამყვან საარბიტრაჟო ფორუმად ჩამოყალიბდა. მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას შემდეგ საარბიტრაჟო დღეებზე, კვლავ თბილისში!

