EN

დავების მოგვარების გზამკვლევი



 

საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო განხილვის მიმოხილვა
თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების მიხედვით ინიშნება ერთი არბიტრი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საარბიტრაჟო საბჭო მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საქმე განხილულ იქნას სამი არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ.

თუ საქმე უნდა განიხილოს ერთმა არბიტრმა, მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წარუდგინონ არბიტრის კანდიდატურა საარბიტრაჟო საბჭოს, მის დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ არბიტრის კანდიდატურაზე შეთანხმებას, არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.

იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე განიხილება სამი არბიტრის მიერ, თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს თითო არბიტრი, ხოლო მესამე, რომელიც წარმოადგენს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ინიშნება მხარეთა მიერ დანიშნული ორი არბიტრის მიერ, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თუ მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრები ვერ შეთანხმდნენ თავმჯდომარის კანდიდატურაზე, ამ შემთხვევაში მესამე არბიტრს ნიშნავს  საარბიტრაჟო საბჭო.

მხარეებს უფლება აქვთ აირჩიონ:

  • საარბიტრაჟო განხილვის ადგილი;
  • დავის არსებითი განხილვისათვის გამოსაყენებელი მატერიალური სამართალი და სამართლის ნორმები;
  • საარბიტრაჟო განხილვის ენა.

საარბიტრაჟო ტრიბუნალი იღებს გადაწყვეტილებას მხარეთა მიერ წარმოდგენილ ზეპირ და წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც მხარეთათვის სავალდებულო ძალის მქონეა, საარბიტრაჟო ტრიბუნალს გამოაქვს 6 თვეში, თუ საარბიტრაჟო საბჭო ამ ვადას არ გააგრძელებს ტრიბუნალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

 

 

  1. საარბიტრაჟო მოსარჩელე წარმოადგენს საარბიტრაჟო განაცხადს, ნიშნავს არბიტრს (იმ შემთხვევაში თუ დავა უნდა განიხილოს სამი არბიტრისაგან შემდგარმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა) და უზრუნველყოფს რეგისტრაციის საფასურის გადახდას

    საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საარბიტრაჟო განაცხადი უნდა შეიცავდეს:

    • მხარეების და მათი წარმომადგენლების სახელებს (ან დასახელებებს), მისამართებს და საკონტაქტო დეტალებს;
    • დავის მიმოხილვას და იმ ფაქტებს, რაზეც არის დაფუძნებული მხარის მოთხოვნა;
    • განცხადებას თუ რა მოთხოვნები აქვს მხარეს და თითოეული მოთხოვნის ოდენობას, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნ(ებ)ის ასახვა შეუძლებელია კონკრეტული თანხით, ამ მოთხოვნ(ებ)ის დაყენების მომენტისთვის მის დაახლოებით ფულად ოდენობას;
    • საარბიტრაჟო შეთანხმების ასლს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს დავის განხილვა და იმ ხელშეკრულებას ან მასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან რომელიც წარმოადგენს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს;
    • დასანიშნ არბიტრთა რაოდენობას საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად;
    • არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოთხოვნას არბიტრის დანიშვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • არბიტრ(ებ)თან, საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, ენასთან და  გამოსაყენებელ სამართალთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაბამის მოსაზრებას და კომენტარს.

     

    საარბიტრაჟო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილი იქნას საარბიტრაჟო სარჩელის ფორმით. ამ შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს საარბიტრაჟო განაცხადისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

    საარბიტრაჟო განაცხადი (ან საარბიტრაჟო სარჩელი) უნდა იქნას გამოგზავნილი საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოში, შემდეგ მისამართზე: ბერძნის ქ. 29, 0114 თბილისი, საქართველო, და სურვილისამებრ, ასევე შესაძლებელია დამატებით მისი გადმოგზავნა ელ-ფოსტის მეშვეობითაც, მისამართზე: info@giac.ge  

    ამასთანვე, საარბიტრაჟო განაცხადს თან უნდა ერთოდეს რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

     

  2. სამდივნო

    საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნო ამოწმებს საარბიტრაჟო განაცხადის (საარბიტრაჟო სარჩელის) შესაბამისობას ცენტრის საარბიტრაჟო წესებთან. იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განაცხადი (საარბიტრაჟო სარჩელი) შეესაბამება ცენტრის საარბიტრაჟო წესებს და გადახდილია რეგისტრაციის საფასური – სამდივნო ატყობინებს საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყების შესახებ და უგზავნის მას საარბიტრაჟო განაცხადს (საარბიტრაჟო სარჩელს).

     

  3. საარბიტრაჟო მოპასუხე წარმოადგენს პასუხს საარბიტრაჟო განაცხადზე და ნიშნავს არბიტრს (იმ შემთხვევაში თუ დავა უნდა განიხილოს სამი არბიტრისაგან შემდგარმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა)

    საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პასუხი საარბიტრაჟო განაცხადზე უნდა შეიცავდეს:

    • საარბიტრაჟო მოპასუხის და მათი წარმომადგენლების სახელებს (ან დასახელებებს), მისამართებს და საკონტაქტო დეტალებს;
    • საარბიტრაჟო მოპასუხის მოსაზრებებსა და კომენტარებს მოსარჩელის მოთხოვნებთან და დავის ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ საარბიტრაჟო მოთხოვნის საფუძველს. ასევე, მოპასუხის სპეციალურ მოთხოვნას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
    • ნებისმიერ შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის და საარბიტრაჟო საქმის დასაშვებობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • დასანიშნ არბიტრთა რაოდენობას საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად;
    • არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო დეტალებს ან მოთხოვნას არბიტრის დანიშვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • არბიტრ(ებ)თან, საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, ენასთან და  გამოსაყენებელ სამართალთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაბამის მოსაზრებას და კომენტარს.

     

    საარბიტრაჟო განაცხადზე პასუხი შეიძლება წარმოდგენილი იქნას საარბიტრაჟო შესაგებელის ფორმით. ამ შემთხვევაში, საარბიტრაჟო შესაგებელი უნდა აკმაყოფილებდეს საარბიტრაჟო განაცხადის პასუხისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

    საარბიტრაჟო განაცხადზე პასუხი (ან საარბიტრაჟო შესაგებელი) უნდა იქნას გამოგზავნილი საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოში, შემდეგ მისამართზე: ბერძნის ქ. 29, 0114 თბილისი, საქართველო, და სურვილისამებრ, ასევე შესაძლებელია დამატებით მისი გადმოგზავნა ელ-ფოსტის მეშვეობითაც, მისამართზე: info@giac.ge  

     

  4. მხარეები უზრუნველყოფენ მათთვის განკუთვნილი საარბიტრაჟო ხარჯების წინასწარ გადახდას

    იმისათვის, რომ გაგრძელდეს საარბიტრაჟო საქმის განხილვა, მხარეებმა უნდა გადაიხადონ საარბიტრაჟო ხარჯების დაახლოებითი ოდენობა წინასწარ საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნო აწესებს საარბიტრაჟო ხარჯების წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობას, რომელიც გადახდილი უნდა იქნას თანაბრად ორივე მხარის მიერ საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნიდან 30 დღის განმავლობაში.

    საარბიტრაჟო საქმე განსახილველად გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს მხოლოდ საარბიტრაჟო ხარჯების წინასწარ გადახდის შემდეგ.

     

  5. საარბიტრაჟო ტრიბუნალის შემადგენლობის განსაზღვრა მხარეთა შეთანხების საფუძველზე / ცენტრის საარბიტრაჟო წესების მიხედვით

    საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა უნდა მოხდეს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, თუ ეს შეთანხმება ითვალისწინებს საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის პროცედურას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ შეთანხმებულან ზემოაღნიშნულ პროცედურაზე, მაშინ მოქმედებს ცენტრის საარბიტრაჟო წესები. არბიტრის დანიშვნის პროცედურები განსხვავდება, არბიტრთა რაოდენობის მიხედვით:

    • ა. ერთ არბიტრიანი ტრიბუნალის შექმნა
      როდესაც დავა უნდა განიხილოს ერთმა არბიტრმა, მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არჩეულ კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენენ საარბიტრაჟო საბჭოს. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ არბიტრის კანდიდატურაზე საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ საარბიტრაჟო განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, არბიტრი დაინიშნება საარბიტრაჟო საბჭოს მიერ.
    • ბ. სამ არბიტრიანი ტრიბუნალის შექმნა
      როდესაც დავა განიხილება სამ არბიტრიანი საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ, თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს, ხოლო მესამე, რომელიც წარმოადგენს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ინიშნება მხარეთა მიერ დანიშნული ორი არბიტრის მიერ, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
      იმ შემთხვევაში თუ მხარე არ დანიშნავს არბიტრს დადგენილ ვადაში, ან მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრები ვერ შეთანხმდნენ თავმჯდომარის კანდიდატურაზე, არბიტრ(ებ)ს და/ან თავმჯდომარეს ნიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.

     

  6. სამდივნო გადასცემს საარბიტრაჟო საქმეს ტრიბუნალს

    სამდივნო საარბიტრაჟო საქმეს, თანდართულ მასალებთან ერთად განსახილველად გადასცემს საარბიტრაჟო ტრიბუნალს ამ უკანასკნელის შექმნისა და მხარეთა მიერ საარბიტრაჟო ხარჯების წინასწარ დადგენილი ოდენობის გადახდის შემდეგ.

     

  7. საარბიტრაჟო ტრიბუნალი

    საარბიტრაჟო ტრიბუნალი განსაზღვრავს საარბიტრაჟო საქმის განხილვის მიმდინარეობის წესს, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ცენტრის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.

    მას შემდეგ რაც სამდივნო საქმეს გადასცემს საარბიტრაჟო ტრიბუნალს განსახილველად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამზადებს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას.

    საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება უნდა მოიცავდეს:

    • მხარეთა და მათი წარმომადგენლების სახელებს, აღწერას,  მისამართებს და საკონტაქტო მონაცემებს;
    • არბიტრ(ებ)ის სახელ(ებ)ს, აღწერას, მისამართ(ებ)ს და საკონტაქტო მონაცემებს;
    • მხარეთა სამართლებრივ ინტერესის და მოთხოვნები მონახაზს, ასევე საარბიტრაჟო დავის ღირებულების ოდენობას;
    • ინფორმაციას საარბიტრაჟო განხილვის ადგილის, ენის და გამოსაყენებელი სამართალის შესახებ;
    • პროცედურულ წესებს, რომელმაც უნდა დაარეგულირონ საარბიტრაჟო განხილვა, ცენტრის საარბიტრაჟო წესებთან ერთად.

     

    საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება უნდა იყოს ხელმოწერილი მხარეების და საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ. თუ მხარე, რაიმე საპატიო მიზეზის გარეშე, დადგენილებას არ მოაწერს ხელს, საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება ძალაში შედის მისი მეორე მხარის და საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

    საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია მოითხოვოს საარბიტრაჟო მოსარჩელისაგან საარბიტრაჟო სარჩელის, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხისგან საარბიტრაჟო შესაგებელის წარმოდგენა.

    ნებისმიერ საარბიტრაჟო დავაში, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა უზრუნველყოს მხარეთა თანასწორუფლებიანობა და მისცეს ორივე მხარეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციის წარდგენისათვის.

     

  8. საარბიტრაჟო მოსარჩელე წარმოდგენს საარბიტრაჟო სარჩელს

    საარბიტრაჟო სარჩელი უნდა შეიცავდეს:

    • ფაქტებს, რომელზეც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;
    • სამართლებრივ არგუმენტებს, რომელზეც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;
    • მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე;
    • საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნებს.

     

  9. საარბიტრაჟო მოპასუხე წარმოადგენს საარბიტრაჟო შესაგებელს

    საარბიტრაჟო შესაგებელი უნდა შეიცავდეს:

    • ნებისმიერი შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქციასთან ან მოთხოვნის დასაშვებობასთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • ფაქტებს, რომელზეც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს თავის საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);
    • სამართლებრივ არგუმენტებს, რომელზეც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს თავის საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);
    • მტკიცებულებებს, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოპასუხე.

     

  10. საარბიტრაჟო ზეპირი განხილვა

    თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიჩნევს საჭიროდ ან მხარე მოითხოვს ზეპირი განხილვის ჩატარებას, საარბიტრაჟო ტრიბუნალი ნიშნავს საარბიტრაჟო სხდომას. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა განსაზღვროს ზეპირი განხილვის დრო და ადგილი.

    თუ რაიმე საპატიო მიზეზის გარეშე, მხარე არ გამოცხადდება საარბიტრაჟო სხდომაზე, მაშინ საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია ჩაატაროს საარბიტრაჟო სხდომა, იმ მხარის გარეშე, რომელიც არ ესწრება სხდომას და გამოიტანოს გადაწყვეტილება.

     

  11. საარბიტრაჟო ტრიბუნალს გამოაქვს გადაწყვეტილება

    საარბიტრაჟო ტრიბუნალი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტს წარუდგენს საარბიტრაჟო საბჭოს დასამტკიცებლად.
    საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭო ახორციელებს გადაწყვეტილების ფორმალურ დადასტურებას, არბიტრთა გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის დაცვით და მისი შინაარსის შეუცვლელად.

    საარბიტრაჟო საბჭოს დამოწმების შემდეგ, საარბიტრაჟო ტრიბუნალს გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ტრიბუნალს გამოაქვს არაუგვიანეს 6 თვისა საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების ხელმოწერის დღიდან, თუ ეს ვადა არ იქნა გაგრძელებული საარბიტრაჟო საბჭოს მიერ.

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითლება მასში მითითებული თარიღიდან. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხარეთათვის სავალდებულო ძალის მქონეა.