GIAC – პირველი ქართული ორგანიზაცია გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივ კომისიაში (UNCITRAL)
გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიამ (UNCITRAL) საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი და შეიყვანა არასამათავრობო ორგანიზაციების სიაში, რომელთაც იწვევენ კომისიის მე-2 (დავების გადაწყვეტა) და მე-3 (ინვესტორსა და სახელმწიფოს შორს დავის მოგვარების რეფორმა) სამუშაო ჯგუფების სესიებზე. სამუშაო ჯგუფების სესიები იმართება წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო სესიები ტარდება ნიუ-იორკში, ხოლო შემოდგომის სესიები ვენაში. მე-3 სამუშაო ჯგუფის შემდეგი სესია გაიმართება ვენაში, ამა წლის 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. სესიებს ესწრებიან კომისიის წევრი და დამკვირვებლის სტატუსი მქონე ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან. მთავარი მიზანი არის, რომ სესიებზე თანაბრად იქნას წარმოდგენილი შეხედულებები განსახილველ საკითხებთან მიმართებით მსოფლიოს ყველა რეგიონიდან რათა შემდგომ მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი ტექსტის მიღება კომისიის მიერ.
UNCITRAL-ი შეიქმნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წელს და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს საეთაშორისო სავაჭრო სამართლის ჰარმონიზაციასა და უნიფიკაციას. იგი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას დავების გადაწყვეტის სფეროში საკვანძო საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და მიღების კუთხით. კომისიამ ასევე ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანს წამოადგენს ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება კომისიის მიერ განსახილველ საკითხებთან მიმართებით.
სამუშაო ჯგუფი II ორიენტირებულია დავების გადაწყვეტაზე, უფრო კონკრეტულად კი საერთაშორისო არბიტრაჟზე/მედიაციაზე და კონსოლიდაციაზე, ხოლო სამუშაო ჯგუფი III მიმართულია იმ შესაძლო რეფორმების გამოვლენაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავების უფრო ეფექტიან მოგვარებას.
დამკვირებელ ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, თავჯდომარის მოწვევით, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე წარმოადგინონ პოზიცია სესიაზე განსახილველ საკითხებთან მიმართებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დამკვირებელი ორგანიზაციები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ამჟამად მე-2 და მე-3 სამუშაო ჯგუფებში შემდეგი ორგანიზაციები ფლობენ დამკვირვებლის სტატუს: ამერიკის არბიტრთა ასოციაცია/დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (AAA/ICDR), ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია (ABA), საერთაშორისო სამართლის ამერიკული საზოგადოება (ASIL), საერთაშორისო დავების მოგვარების ცენტრი (CIDS), ჩინეთის საერთაშორისო ეკონომიკისა და ვაჭრობის არბიტრაჟის კომისია (CIETAC), ევროპის ვაჭრობის კონფედერაცია (ETUC), საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია (IBA), ტრანსნაციონალური არბიტრაჟის ინსტიტუტი (ITA), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის სკოლის ქვინ მერის უნივერსიტეტი (QMUL), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) და სხვა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა დამკვირებელის სტატუსი და მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფების სესიებში და შესაბამისი საკითხების განხილვაში.