EN

გამოცემები

სიახლეები GIAC-ის საარბიტრაჟო საბჭოსა და გამგეობაში
calendar22.12.2025

სიახლეები GIAC-ის საარბიტრაჟო საბჭოსა და გამგეობაში

2025 წლის 19 დეკემბერს გაიმართა ცენტრის გამგეობის რიგით 21-ე 2025 შემაჯამებელი სხდომა, რომელზეც წარდგენილი იქნა წლის ანგარიში და განხილულ იქნა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა, ასევე არჩეულ იქვნენ გამგეობისა და საარბიტრაჟო საბჭოს ახალი წევრები.

გამგეობის შემადგენლობა


გამგეობის მოქმედი წევრის მეორე ვადის გასვლასთან დაკავშირებით აუცილებელი იყო გამგეობის ახალი წევრის არჩევა. შესაბამისად, საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნომ გამოაცხადა განცხადებების მიღება ახალი წევრის ასარჩევად, რომლის ფარგლებშიც ბატონ ირაკლი სირაძემ გამოხატა სურვილი გამგეობის წევრად არჩევაზე. ბატონი ირაკლი სირაძე არის Ecovis Georgia-ს მმართველი პარტნიორი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში მუშაობის, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე.

გამგეობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ირაკლი სირაძის გამგეობის წევრად არჩევას, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2026 წლის 27 იანვრიდან შეუდგება. ამასთანავე, გამგეობის მიერ მომდევნო ორი წლის ვადით ხელახლა იქნა არჩეული გამგეობის თავმჯდომარედ გიორგი პერტაია.

ცვლილებები საარბიტრაჟო საბჭოში

საარბიტრაჟო საბჭოს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი როტაცია განხორციელდა, კერძოდ:
  • საბჭოს 3 წლის ვადით შეუერთდნენ რუსუდან გერგაული და დავით ხაჭვანი. მათი საერთაშორისო გამოცდილება საარბიტრაჟო სფეროში კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს.
  • საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, მარიამ გოცირიძეს, მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ეწურება უფლებამოსილების ვადა. GIAC-ის გამგეობა დიდ მადლობას უხდის მას გაწეული საქმიანობისა და ცენტრის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, ხოლო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული საბჭოს მოქმედი წევრი ნატა ღიბრაძე.
გამგეობის სხდომის ბოლოს ცენტრის გენერალურმა მდივანმა, ბექა ინჯიამ გამგეობის წევრებს გააცნო 2025 წლის ანგარიში და ისაუბრა ცენტრის შემდეგი წლის გეგმებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ცენტრის განვითარებსა და პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონში.