EN

დაფუძნების ისტორია

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, როგორც საქართველოში მეწარმე სუბიექტებისა და, ზოგადად, ბიზნესის ინტერესების გამტარმა ორგანიზაციამ, მნიშვნელოვნად მიიჩნია ქვეყანაში დავების გადაწყვეტის მიუკერძოებელი და სანდო ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა დაპალატაში არსებული მოძველებული და არაეფექტური არბიტრაჟის მოდერნიზაცია. პალატამ, გაიზიარა რა საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც საარბიტრაჟო ინსტიტუტები ხშირ შემთხვევაში ფუძნდება პალატების მიერ ან არსებობს პალატებთან, 2013 წლის დეკემბერში დააფუძნა ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“.

საარბიტრაჟო ცენტრის დაფუძნებას წინ უძღოდა პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ერთწლიანი აქტიური მუშაობა. საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პალატასთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა, როგორც სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა საარბიტრაჟო ცენტრის სტრუქტურის შემუშავება. საარბიტრაჟო ცენტრი შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და არ არის მოგებაზე ორიენტირებული. საარბიტრაჟო ინსტიტუტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბება წარმოადგენს დამკვიდრებულ საერთაშორისო პრაქტიკას და მიჩნეულია, რომ იგი საუკეთესოა მსგავსი ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტი და მან ჩაანაცვლა პალატაში არსებული შპს ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლო“, რომელმაც 2012 წელს შეწყვიტა საქმიანობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი თავისი საქმიანობის განხორციელებისას არის პალატისგან სრულიად დამოუკიდებელი. მისი ორგანოები არის გამგეობა, საარბიტრაჟო საბჭო და სამდივნო, რომლებიც განსაზღვრავს საარბიტრაჟო ცენტრის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს და უზრუნველყოფს კერძო ხასიათის ქონებრივი დავების გადაწყვეტის ადმინისტრირებას.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში არ არსებობდა საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, განსაკუთრებით საქართველოს სტრატეგიული ტერიტორიული მდებარეობის გათვალისწინებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან და საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკოსებთან.